საკმაოდ კარგი შედეგით დასრულდა აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული და ფონდი "საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრის" მიერ ჩვენს უნივერსიტეტში ორგანიზებული ინგლისური ენის შემსწავლელი  6–თვიანი კურსები. სტუდენტებმა სწავლა დაიწყეს 2009 წლის 1 ნოემბერს, მეცადინეობები ტარდებოდა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კომპიუტერულ კლასში, რომელიც  უნივერსიტეტის  რექტორმა, პროფესორმა, ბატონმა როლანდ კოპალიანმა გამოუყო სტუდენტებს სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე  ჩატარების მიზნით. მეცადინეობები გრძელდებოდა 2010 წლის მაისის ბოლომდე. 3 ივნისს, აღნიშნული კურსის მსმენელებს ჩაუტარდათ გამოცდა.  ტესტირების შედეგად ყველაზე მეტი ქულები დააგროვეს სტუდენტებმა: ზვიად ხულორდავამ, ოქსანა ხიზანიშვილმა, თამუნა შვანგირაძემ, ე. ყუბანეიშვილმა და მ. გოგოლაძემ.
7 ივნისს, გამარჯვებულ ხუთეულთან, გასაუბრება-ინტერვიუ ჩაატარა სპეციალურად ჩამოსულმა ავტორიტეტულმა კომისიამ, რომლის შედგენილობაში შედიოდა: აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში – ბატონი დემნა ძირკვაძე, ერევნის აგრობიზნესის სასწავლო ცენტრის დირექტორი, პროფესორი – ბატონი ვარდან ურუტიანი და ფონდი "საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრის" დირექტორი – ბატონი გოჩა შაინიძე. გასაუბრება-ინტერვიუს შედეგების მიხედვით ორ სტუდენტს–, ოქსანა ხიზანიშვილს და თამუნა შვანგირაძეს მიეცა რეკომენდაცია სწავლა გააგრძელონ ერევნის აგრობიზნესის სასწავლო ცენტრში, სადაც სწავლა მიმდინარეობს ტეხასის უნივერსიტეტის პროგრამით, ინგლისურ ენაზე. იქ სწავლის დამთავრების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ, როგორც ჩვენი უნივერსიტეტის დიპლომს, ასევე ტეხასის უნივერსიტეტის სერთიფიკატს და უფლება ექნებათ სწავლა გააგრძელონ აშშ-ის უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრატურაში. ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების დანარჩენი სტუდენტები, რომლებმაც სასერტიფიკაციო ტესტირების დროს  დააგროვეს   საჭირო რაოდენობის ქულები, მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს.
ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების  სტუდენტები, ინგლისური ენის შესწავლასთან ერთად აწყობდნენ სასწავლო–შემეცნებით ექსკურსიებს, ეცნობოდნენ საქართველოში ფუნ– ქციონირებადი აგრობიზნესის მიმართულების წარმატებულ საწარმოებს და ათვალიერებდნენ ქვეყნის კულტურულ – ისტორიულ ძეგლებს.
ამ მიზნით, აპრილის თვეში ჩატარებული ექსკურსიის დროს, დავათვალიერეთ თერჯოლის ტერიტორიაზე მდებარე საწარმოო-გადამამუშავებელი ღვინის ქარხანა შპს "ხარება", რომელსაც ყურძნის მოსავლის  მნიშვნელოვანი ნაწილი მოჰყავს საკუთარი ვენახის ფართობებზე, ამზადებს ევროპული დონის სხვადასხვა მარკის ღვინოს და რეალიზაციას უკეთებს მათ. გავეცანით ასევე პურის ქარხანა "გოლიათის" ფუნქციონერების და მისი მცირე წისქვილკომბინატის მუშაობის პროცესს. ვესტუმრეთ გელათს, მოწამეთას და ა. შ.
9 ივნისს, შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად დავათვალიერეთ საქართველოში მეცხოველეობის დარგის ერთ-ერთი გამორჩეული საწარმოო-გადამამუშავებელი კომპლექსი შპს "ნაქარუ", სადაც ზრდიან ჰოლანდიური ჯიშის, მერძეული მიმართულების, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს და აქვთ ჰოლანდიიდან ჩამოტანილი თანამედროვე დონის რძის პროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა. დავათვალიერეთ ნოქალაქევის მუზეუმი, გოჯის ციხექალაქი (არქეოპოლისი), მარტვილის მონასტერი და სხვა ღირსშესანიშნაობები.
ავღნიშნავთ იმასაც, რომ აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებით, ივლისის პირველ რიცხვებში ვაპირებთ, აგრობიზნესისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი, პროფესიული დონის ამაღლების მიზნით, წავიყვანოთ  ერევნის  აგრობიზნესის სასწავლო ცენტრში. იქ ჩვენი პროფესურა გაივლის 2-3 დღიან ტრენინგს. ტეხასის უნივერსიტეტის ცნობილი პროფესორები მათ გააცნობენ  ტეხასის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს, სასწავლო პროცესების წარმართვის, ლექცია-პრაქტიკული მეცადინეობებისა და პრეზენტაციების ჩატარების თანამედროვე ტექნიკას, მეთოდებსა და ხერხებს, გაუზიარებენ  თავიანთ გამოცდილებას.
ზემოთ აღნიშნული პროექტის I ეტაპის წარმატბით დამთავრების შემდეგ გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აგრობიზნესის სასწავლო ცენტრს შორის რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, სრულ პროფ. ბატონ რ. კოპალიანმა და აგრობიზნესის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, დოქტორმა ვარდან ურუტიანმა. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცემათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამაში და გაიარონ 2 წლიანი საწავლო კურსი ქ. ერევანში.

ფონდი "საქართველოს აგრობიზნესის  განვითარების ცენტრის"კოორდინატორი ქუთაისში                           ასოც. პროფესორი– ნოდარ ხასაია