უნივერსიტეტის მისია
საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიაა საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნების შესაბამისად, დროის გამოწვევების ადეკვატური სწავლების, ხარისხის მუდმივი განვითარებისა და ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის გზით, შრომის ბაზარზე ორიენტირებული კონკურენტუნარიანი, მაღალზნეობრივი, დემოკრატიის იდეალების ერთგული, თანამედროვე პროფესიული ცოდნის, პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციათა ფლობის მაღალი დონის სუბტროპიკული აგრარული სფეროს (სუბტროპიკული კულტურების აგროტექნოლოგია და აგროეკოლოგია, სუბტროპიკული კულტურების პროდუქტთა შენახვა და გადამუშავება, სუბტროპიკული კულტურების მექანიზაცია, აგრობიზნესის მენეჯმენტი, აგრეთვე ლანდშაფტური არქიტექტურა და ტურიზმი) კადრების (დიპლომირებული სპეციალისტი, ბაკალავრი, მაგისტრი) მომზადება. უნივერსიტეტის მოკლე ისტორია
სსრკ-ს დაშლის მომენტში აფხაზეთში იმპერიის მიერ ინსპირირებულ სამხედრო კონფლიქტის შემდეგ 1993 წლიდან ინსტიტუტი ფუნქციონირებს ქ. ქუთაისში. 2002 წელს სსმი-ს შეუსრულდა დაარსებიდან 50 წელი, 2003 წლიდან მას მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი და ეწოდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სსმსუ). უნივერსიტეტში 2005 წელს გატარდა განათლების რეფორმის შესაბამისი ცვლილებები: უნივერსიტეტმა გაიარა აკრედიტაცია, შეიქმნა ახალი სამსახურები, მოხდა ფაკულტეტების გამსხვილება, სასწავლო გეგმების ცვლილება და სამეცნიერო საქმიანობის შერწყმა სასწავლო პროცესთან, დამუშავდა და წარმოებაში დაინერგა მრავალი მეცნიერული სიახლე. სუბტროპიკული მეურნეობის და ლანდშაფტური არქიტექტურის ფაკულტეტზე გამოყვანილ იქნა ახალი მალსეკო და ყინვაგამძლე ლიმონის ჯიში “დიოსკურია”, რომლის ავტორებმა დაიმსახურეს სახელმწიფო პრემია. დამუშავდა და შესწავლილია ჩაის კულტურის რეაბილიტაციის საკითხები; ნიადაგის მოვლითი ხერხების გავლენა და აგროტექნოლოგიის სხვა საკითხები სუბტროპიკული ნედლეულის მოყვანისათვის. შეისწავლება რეგიონების ალუვიურ ნიადაგებზე თანამედროვე ბუნებათსარგებლობის აგროეკოლოგიური პირობები, სუბტროპიკული ზონის ანთროპოგენური ლანდშაფტების ეკოლოგიური და მცენარეული საფარის მდგომარეობა, ხდება დასავლეთ საქართველოს რეგიონების ეკოტურისტული პოტენციალის გამოვლენა და ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართვის ღონისძიებების შემუშავება, სუბტროპიკულ ზონაში ფერმერული მეურნეობის, ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების პერსპექტივების დამუშავება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპტიმიზაციის მეთოდების გამოყენებით. მიმდინარეობს სუბტროპიკული ზონის აგროსამრეწველო კომპლექსის დარგების ეკონომიკის, ორგანიზაციის და მართვის პრობლემების დამუშავება. სუბტროპიკული კულტურების მექანიზაციისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტზე შეიქმნა და წარმოებაში დაინერგა აგროინჟინერიის მიმართულება. მობილური ჩაის საკრეფი მანქანა “საქართველო”, რომელიც ცვლის ასობით მუშა ხელს და აწარმოებს ჩაის ფოთლის შერჩევით კრეფას. ფაკულტეტის თანამშრომლების მიერ შექმნილია აგრეთვე სამთო და სუბტროპიკული მიწათმოქმედების მექანიზაციისათვის საჭირო მანქანა-იარაღები, აპარატები, რომლებიც წარმატებით გამოიყენება ფერმერულ მეურნეობაში, მცირე ნაკვეთებიან და რთული რელიეფის პლანტაციებში. ხდება ენერგორესურსდამზოგი და ნიადაგდამცავი სამანქანო ტექნოლოგიების სრულყოფა, სუბტროპიკული ზონისათვის, მანქანათა ტექნიკური უზრუნველყოფის დასაბუთება ბუჩქოვან მცენარეთა უნივერსალური სასხლავის დამუშავება და სხვა. ტექნოლოგიების მიმართულებებით პროფესორ-მასწავლებლები მუშაობენ ქართული ჩაის წარმოების აღორძინების პრობლემებზე. დამუშავებულია და წარმოებაში დაინერგა ჩაის გადამუშავების ახალი ტექნოლოგიური ხაზები; შექმნილია ჩაის ფოთლის ინფრაწითელი დასხივებით, ზემაღალსიხშირული გაცხელებითა და ოზონით დამუშავების მეთოდები, ხსნადი და გრანურილებული ჩაის მიღების ტექნოლოგიები. მუშავდება ჩაის პირველადი წარმოების კომპლექსური, რესურსდამზოგი და მცირენარჩენიანი ტექნოლოგია. ხდება სხვადასხვა სახის ჩაის წარმოების კომპლექსური ტექნოლოგიის შემუშავება თანამედროვე პროგრესული ელექტროფიზიკური მეთოდების გამოყენებით, ტექნოლოგიური დანადგარების გამარტივებით, გარემოს დაბინძურების გამორიცხვით, ჩაის ხარისხის ამაღლებითა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტის მიღებით. მუშავდება საკვებ-სამკურნალო მცენარეული ნედლეულის გამოყენებით, სხვადასხვა ექსტრაქტებით, ნაყენების დამატებით გამდიდრებული ჩაის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიები და სხვა სუბტროპიკული კულტურების გადამუშავების, მეღვინეობისა და ლუდის წარმოების ტექნოლოგიური პროცესები. შესწავლილია თამბაქოს ჯიშ-ტიპების ხარისხობრივი თავისებურებანი და თამბაქოს ფერმენტაციის ინტენსიფიკაციის გზები დამუშავდება თამბაქოს დამზადებისა და წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები შესაბამისი მანქანა-დანადგარებით. უნივერსიტეტში მუშავდება სამეცნიერო გრანტები და ტარდება რესპუბლიკური და საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები. ფუნქციონირებს კომპიუტერული და და ენების შემსწავლელი ცენტრი. 2006 წლიდან სისტემატიურად გამოდის მაღალტირაჟიანი გაზეთი “ალიონი”. უნივერსიტეტში, დღიდან დაარსებისა მაღალ დონეზეა წარმოდგენილი კულტურისა და ხელოვნების სფერო: საესტრადო ანსამბლმა “ლალე”-მ სახელი გაუთქვა უმაღლეს სასწავლებელს მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მაშტაბით; აგრძელებს ფუნქციონირებას ქვეყანაში მეორე საპრიზო ადგილზე მყოფი მხიარულთა და საზრიანთა ახალგაზრდული კლუბი, სტუდენტური თეატრი, სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლი და სხვა თვითშემოქმედებითი კოლექტივები. უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ექცევა სტუდენტთა ფიზიკურ აღზრდას, იგი სამართლიანად ამაყობს თავისი სახელოვანი სპორტსმენებით, რომელთა შორის იყვნენ ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი მძლეოსნობაში სპორტის დამსახურებული ოსტატი ვ. სანეევი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები ფეხბურთში ო. გაბელია, რ. ძოძუაშვილი, ჭიდაობაში _ გ. ყურაშვილი, მ. ხიტარიძე, მ. ხურციძე, ე. ბოკუჩავა და სხვ. უნივერსიტეტში აღიზარდა 40-მდე სპორტის ოსტატი და ოსტატობის კანდიდატი. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, როგორც ქვეყნის შიდა ისე საზღვარგარეთის 25-მდე წამყვან სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან. უნივერსიტეტი და მისი თანამშრომლები თითქმის 60 წელია ემსახურება სუბტროპიკული მეურნეობის განვითარებას საქართველოში და კვლავაც დარჩება ამ საქმის ავანგარდში. |


